ზვიად აძინბაია: დიდი მადლობა, ძმაო, ილია! მომდევნო ბრძოლა სოხუმში!
ამერიკაში მცხოვრები უსაფრთხოების ექსპერტი, აფხაზი ქართველი ზვიად აძინბაია „ფეისბუქზე“ საკმაოდ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"კვირა დღეს, ვაშინგტონს ღრუბლებად მოეფინა შავი ფერის ლუქს მანქანები, ჯავშანტექნიკა, ვერტმფრენები და საიდუმლო სამსახურები.
გადაიჭედა ელიტური სასტუმროები.
ხალხს ერთი დღით დაავიწყდა ფეხბურთიც და გლობალური ომებიც.
თეთრმა სახლმა უმასპინძლა ფრიად უჩვეულო ღონისძიებას, UFC-ს საიუბილეო ბრძოლას - ,,თავისუფლების 250 წელი."
ამერიკის პრეზიდენტი 80 წლის გახდა, თავად ამერიკა -- 250-ის ხდებოდა.
რეიგანის და დალესის აეროპორტები აივსო სპეცრეისებით და VIP ესკორტებით.
ვაშინგტონს არაფერი უკვირს, მაგრამ მსგავსი რამე არ ენახა მანამდე თეთრ სახლში.
---
ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალაქში, რომელსაც რანგი და პრივილეგია მობეზრებული აქვს, ვერტმფრენით, ბოჰემურად, დაჯდა ელ მატადორად მონათლული, სოხუმელი, მისტიკის და შარმის კაცი.
ილია თოფურიას ოჯახი და მასთან ერთად, თან ახლდა თავისი ძმა და მისი მწვრთნელი, ალექსანდრე და დედა -- ქალბატონი ინგა ბენდელიანი-თოფურია.
ემოცია, რომელიც ილიამ და თოფურიების ანტურაჟმა ჩამოიტანა კოლუმბიის ოლქში, გასცდა სპორტს ან კულტურის ღონისძიებას.
ჯერ ერთი, რომ სხვებიც იბრძოდნენ აქ, მაგრამ ყურადღების ცენტრში ნაკლებად მოხვდნენ.
ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტეში შეთანხმების მისაღწევად ოფლად იღვრებოდა. უკრაინიდან დიდი შვიდეულის მომავალ სამიტამდე, ბევრი საზრუნავი იყო.
ამ პირობებში, მიიპყრო ვინმეს ყურადღება 5 წუთზე მეტით, იღბლის იმედად თუ იქნები.
ილიამ ჩამოიტანა ხასიათიც, სპორტიც, კულტურაც და დიპლომატიაც.
პრეზიდენტ ლინკოლნის მარმარილოს ღვთაებრივად მომზირალ მემორიალზე პრესკონფერენცია გამართა.
თეთრი სახლის ოვალურ ოფისში იარა წინ და უკან.
კაფე მილანოსნაირ პრეტენზიულ კლიენტურასაც არ დააკლო ავტოგრაფები, და ბრძოლისთვისაც სათანადოდ მოემზადა.
---
რაც მის ბრძოლაში მოხდა, ამას ჰქვია "Black Swan" (,,შავი გედის") მოვლენა, ანუ, როცა ხდება თითქმის შეუძლებელი, იშვიათი რამე, მასიური შედეგებით.
მე, როგორც ამ სპორტში შორიდან მომზირალს, შემიძლია გავბედო მხოლოდ არასპორტული დაკვირვება.
ილიას ბრძოლა არ გავდა არაფერს, არანაირ ხუთკუთხა სცენას, არც ლას-ვეგასს, ან მშობლიურ ალიკანტეს.
ეს იყო თეთრი სახლი, გლობალური ძალის და ძლევამოსილების დემონსტრირების მთავარი წერტილი.
აქ ებრძვი მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენელს, ისეთი მომენტში, როცა თეთრი სახლის ბალახიც კი აჟიტირებულია რესპუბლიკის 2.5 საუკუნოვანი უწყვეტი დემოკრატიის ტრიუმფით.
გხვდებიან და გაცილებენ სამხედრო და დიპლომატიური წესით, ქვევით გელოდებიან და გიყურებენ არმიის ნაწილები, სენატორები, ბიზნესმენები, პრეზიდენტი და პირველი ლედი.
ყველა ერთხმად გაიძახის - U.S.A, U.S.A...
ამ გარემოსთვის შენ ბოლომდე ვერასოდეს მოემზადები, თუ თეთრ სახლში არ გირბენია ბავშვობაში ფეხშიშველი.
მოკლედ, იმდენად დიდი იყო ამ ცერემონიის მასშტაბი, რომ თავად ცერემონია უნდა ყოფილიყო ერთი ბრძოლის ტოლფასი.
---
8 მილიარდ ადამიანში დედამიწაზე, ძნელია ვინმეს დაუძახო გამორჩეული.
მაგრამ, როცა:
ანტონიო ბანდერასის უკვდავ ჰიტს შენს ჰიმნად აქცევ, 29 წლის სოხუმელი კოლხი, ქართველი, რუსთაველის და სერვანტესის უკვდავ ერებს ერთ გულში უყრი თავს, ვაშინგტონის გრანდ ჰოტელებში, ვალდორფ ასტორიაში, ვილარდსა თუ რიც კარლტონის ლობიში ყველა შენს სახელს უშეცდომოდ იძახის, შენს ნათქვამზე და ხელის მოქნევაზე სპორტის ბაზრები რეაგირებენ და სტატისტიკა გამოცდას ვერ უმკლავდება, ესპანურის არმცოდნე ხალხი გუგლავს ტერმინს „ელ მატადორ“, რომ შენი მისტიკა ამოიკითხოს, ყველგან და ყოველთვის საქართველო გიდევს გულში, როცა ოვალური ოფისიდან თავაწეული და მომღიმარე გამოდიხარ რინგზე, შიშის ზარს სცემ ყველას შენი ძალით, ელეგანტურობით, სიმტკიცით და ხასიათით.
მხედველობა მიგდის ბრძოლისას და მაინც არ ჩერდები, ამის მერე, მეტოქეს ახალთვალგახელილზე ულოცავ და თან უმატებ, დავბრუნდები და ძრწოდეო.
სპორტზე გულგრილ ხალხს შენზე დარტყმა თვითონ სტკივა, როცა შენ გამო არ უძინია სამი შვილის დედას და შენ გელოდება თბილისსა თუ მადრიდში, რომ შენი გამარჯვება თავისად მიიღოს და ცხოვრებას უკეთესი დაუძახოს,
შენ არ ხარ უბრალოდ სპორტსმენი, ან სამაგალითო ადამიანი, შენ ხარ დიპლომატი, ხელოვანი, ბრძოლის და გამარჯვების სიმბოლო, ქვეყნის სიამაყე, ერთადერთი და განუმეორებელი, ილია თოფურია, ელ მატადორი!!!
დიდი მადლობა, ძმაო, ილია!
შენი ტრიუმფები წინ არის!!!
მომდევნო ბრძოლა სოხუმში!!!"
Комментарии 1
დვალიშვილი რომ არსებობს ესეც გამარჯვებაა.
ტალახაძე რომ არსებობს ესეც.
ლევან საგინაშვილიც გამარჯვებაა.
კვარა ხომ არის და არის.
ესეთი ჩაჯმული როგორიც ბიძინა არის საიდან გამოიძერწა?
მოლდავეთის პრეზიდენტმა 50- კილოიანმა სანდომ როგორ უნდა გაჯობოს